მიგრაცია გლობალური მოვლენაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ცალსახად ახდენს გავლენას. აივ დადებითი სტატუსის მქონე მიგრანტებისთვის ჯანდაცვის მომსახურების მისაღებად, არსებობს სხვა, დამატებითი წინაღობები, როგორიცაა სტიგმა თუ დისკრიმინაცია, შეზღუდვა ქვეყანაში შესვლაზე და, რაც მთავარია, მიმღებ ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მოპოვება. როდესაც საქმე ეხება აივ ინფექციის მქონე მიგრანტთა განსაკუთრებულ საჭიროებებს, აუცილებელია მათ წვდომა ჰქონდეთ უფასო სამედიცინო დახმარებაზე და ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე, ასევე მკურნალობის დამყოლობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების დახმარება და მრავალი გარდაუვალი იურიდიული საკითხების გადაწყვეტა.

ჯანდაცვის მსოფლიო პოლიტიკის დონეზე, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, აღიარეს, რომ ჰეტეროსექსუალური გზით აივ ინფექციის გადაცემამ გადააჭარბა ჰომოსექსუალური გზით მის გადაცემას, რაც მეტწილად დაკავშირებული იყო მიგრაციის პროცესებთან. აივ ინფექციით/ შიდსით დაავადებული პირების ქვეყანაში შესვლის შეზღუდვა განიხილებოდა პოლიტიკოსების, ჯანდაცვის ჩინოვნიკებისა და ექსპერტების მიერ ეპიდემიის პირველივე დღეებიდან, როდესაც მთავრობა თავის მოსაზრებებს ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოებით ამართლებდა. მსგავსი შეხედულებები სათავეს იღებს საზოგადოების დამოკიდებულებიდან აივ ინფექციის მქონე ჯგუფების მიმართ, როგორიცაა სექს-მუშაკები, მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცი პარტნიორები ჰყავთ, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები და რა თქმა უნდა, მიგრანტები, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად, საზოგადოება სხვადასხვა პრობლემის სათავედ მოიაზრებს. მოგვიანებით, ეროვნულმა მთავრობამ გაიაზრა, რომ მიგრანტებისთვის მსგავსი აკრძალვების დაწესებას საზოგადოების ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა არ მოუხდენია, არც მოსახლეობა დაუცავს ინფექციებისგან, პირიქით, ჩამოყალიბდა სერიოზული წინააღმდეგობა აივ ინფექციის მკურნალობასა და პროფილაქტიკისთვის. ეს შეზღუდვები არღვევს აივ ინფექციის მქონე ხალხთა უფლებებს ჯანმრთელობაზე, თანასწორობასა და პირად ცხოვრებაზე.

2016 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ დეკლარაციას შიდსის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდვების მოხსნას აივ დადებითი სტატუსის მქონე ხალხის გადაადგილებაზე. ბევრმა ქვეყანამ შეამსუბუქა კანონმდებლობა აივ დადებითი სტატუსის მქონე მიგრანტების ქვეყანაში შესვლა-დარჩენის საკითხზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში, თუმცა 2019 წელს მსოფლიოს 48 ქვეყანაში აივ დადებით მიგრანტთა შესვლა-დარჩენაზე, ამა თუ იმ ფორმით, მაინც დარჩა შეზღუდვები, ხოლო 19 ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, მოქმედებდა საეთაშორისო აივ ინფექციის მქონე მიგრანტების დეპორტაციის კანონი.